ბლოგები

 

შეადგინეთ ბიუჯეტი

 

ბიუჯეტირება რემონტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველ რიგში, სანამ რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსები და ამის შემდეგ განსაზღვროთ, რა ტიპის რემონტის გაკეთება გსურთ და რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ. თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც პირველად აკეთებენ რემონტს და არ არიან ჩახედული პროცესებში, ხელობისა თუ სამშენებლო მასალების ფასებში, გირჩევთ ესაუბროთ ნაცნობს, რომელმაც ახლახანს განაახლა საკუთარი ბინა და სთხოვოთ გაგიზიაროთ თავისი გამოცდილება. გადახედეთ სამშენებლო მასალების ფასებს, ეწვიეთ თქვენთან ახლოს მდებარე მაღაზიებს ან გადაათვალიერეთ ფასები მათ ვებ-გვერდებზე, რათა გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა. გაითვალისწინეთ, რომ ბრიგადებთან ან ცალკეულ ხელოსნებთან დაკავშირებისას, თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ დაბალ ფასზე, მაგრამ რემონტის მსვლელობისას „აღმოაჩინოთ“ რომ გადახდილი თანხა საკმარისი არ არის და მოგიწიოთ ბიუჯეტის გაზრდა. დაუგეგმავი ხარჯების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია გქონდეთ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის (სტატისტიკურად რემონტის მსვლელობისას საწყისი ბიუჯეტი იზრდება 20 %-ით) ან რემონტი მიანდოთ სანდო კომპანიას, რაც დაგაზღვევთ ზედმეტი ხარჯისგან.

 

 

 


განსაზღვრეთ რემონტის ვადა

რემონტის გაკეთება ხშირად დაკავშირებულია რაიმე სიახლესთან: შესაძლოა თქვენ გსურთ ახალ სახლში გადასვლა ან გინდათ, შეხვდეთ მნიშვნელოვან მოვლენას განახლებულ ბინაში, ამიტომ საჭიროა, სწორად შეაფასოთ დრო, რომელიც სახლის გარემონტებას სჭირდება. საშუალოდ ბინის სრული რენოვაცია საჭიროებს 1,5 – 2 თვეს, თუმცა ვისაც ჰქონია რემონტის გამოცდილება იცის, რომ პროცესი იშვიათად მთავრდება დათქმულ ვადებში. იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ უსაშველოდ გაწელილი რემონტის წინაშე, სწორად განსაზღვრეთ რემონტის ვადა და იყავით შეუვალი დასრულების თარიღთან მიმართებაში.


გაითვალისწინეთ “10 წლის” წესი

რემონტის დაგეგვმისას გაითვალისწინეთ, რომ გარემო, რომელსაც ქმნით უნდა მოგწონდეთ არა მხოლოდ ახლა, არამედ 10 წლის შემდეგაც, ამიტომ კარგად მოიფიქრეთ თუ როგორი დიზაინი გსურთ ამა თუ იმ ოთახში, ნუ დაზოგავთ ფულს უხარისხო მასალასა თუ არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოებში, რათა თავიდან აიცილოთ მუდმივი შეკეთებისა და განახლების პროცესი. ინტერნეტი იძლევა უამრავ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერები თუ მასალა, მაგრამ თუ მაინც ვერ გადაწყვეტთ თუ როგორი დიზაინის გაკეთება გსურთ თქვენს ახალ ან განახლებულ სახლში, მიმართეთ დიზაინერს, რომელიც თქვენი სურვილების გათვალისწინებით დააპროექტებს ბინას.


გააფორმეთ კონტრაქტი

რემონტის მსვლელობის დროს თქვენს ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ხელოსნებისა თუ მუშების შერჩევა, რომლებიც სამუშაოებს დიდი სიზუსტით, ოპტიმალურ ფასად და თანაც დათქმულ ვადებში შეასრულებენ. იმისთვის, რომ არ გაგიორმაგდეთ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, არ გადააცილოთ რემონტის ჩაბარების ვადას და დარწმუნებული იყოთ რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდება, აუცილებლად გააფორმეთ კონტრაქტი, რომელიც თავიდან აგარიდებთ რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. სამწუხაროდ დამოუკიდებელ ბრიგადებთან და ხელოსნებთან მომხმარებელს არ გააჩნია ბერკეტი, რომელიც იცავს მის უფლებებს, ამიტომ აირჩიეთ სანდო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე.


მიმართეთ კომპანიას

დღეესდღეობით ყველას გვაქვს დატვირთული გრაფიკი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, დრო დავხარჯოთ რემონტის დაგეგმვასა და სხვადასხვა ხელოსნის მოძებნაზე. გარდა ამისა, რემონტის სწორად დაგეგმარება მოითხოვს გარკვეულ ცოდნას ამ სფეროში. თუ გსურთ, რომ თქვენმა რემონტმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს, იყოს ხარისხიანად შესრულებული და ჩაბარდეს დათქმულ ვადებში, ჩვენ გირჩევთ მიმართოთ კომპანიას, რომელიც თავად იზრუნებს თქვენთვის ოპტიმალური და გამჭირვალე ბიუჯეტის შექმნაზე, შეარჩევს ხარისხიან მასალას და უზრუნველყოფს პროფესიონალურ მომსახურებას შეთანხმებულ ვადებში.